თბილისის მერი საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

 

    28.12.2012 გიგი უგულავამ მეხანძრეებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ პირებს სიგელები და საჩუქრები გადასცა. 
     შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს თბილისის მერიის 2013 წლის მთავარ პრიორიტეტებზე, დაგეგმილი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ხანძარი ლილოს სავაჭრო ცენტრში

 

  15.11.2012 სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლის" ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 26 მაღაზია, განადგურებულია დიდი რაოდენობით სავაჭრო საქონელი. დაშავებულები  არ  არიან.
    ხანძარი ლილოში დღეს დილით, დაახლოებით, 07:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი განსაკუთრებით ძლიერი იყო ბაზრობის მე-15, მე-16 და მე-17 რიგებში. ხანძარი 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო მოდებული. შემთხვევის ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ძლიერი ქარის მიუხედავად, მოხერხდა ბევრად დიდი ფართობის გადარჩენა.
     ხანძრის გამომწვევი მიზეზები სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობაა.

ხანძარი ფალიაშვილის ქუჩაზე

 

     31.10.2012 თბილისში ფალიაშვილის ქუჩის N81-ში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, მიუხედავად რთული პირობებისა, ხანძრის ლიკვიდირება მაინც დროულად მოხერხდა. ჩაქრობაში 14 ბრიგადა მონაწილეობდა. ცეცხლი, არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ბოლო, მე-6 სართულზე 200-300 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ბინის მეპატრონის, დალი ჩოხელის თქმით, მან სახლში სანთელი აანთო და შესაძლოა, ხანძარი აქედან გაჩნდა. ჩაქრობას ართულებდნენ კორპუსზე არსებული მიშენებები. ხანძრის შედეგად დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან.

ქართველი სამბისტების გამარჯვება

 

     მაროკოში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში ვეტერან სპორტსმენთა შორის. პლანეტის პირველობაზე 62 კოლოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ გიორგაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა.

     90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაურ სახვაძე გამოვიდა, რომელიც მესამე პოზიციაზე გავიდა. მაროკოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი, გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მასშტაბური იყო.
     მასში მონაწილეობა 35 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენმა მიიღო. ამავე ჩემპიონატის პარალელურად, მსაჯთა გადამზადების კურსები ჩატარდა, სადაც ოთარ ყურაშვილმა საერთაშორისო ექსტრა-კლასის მსაჯის წოდება მიიღო.

      ქ.თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს კოლექტივი ულოცავს გამარჯვებას ბატონ თეიმურაზს!