ხანძარი რადიო „ფორტუნას“ შენობაში

     17.04.2014 მარშალ გელოვანის გამზირზე, რადიო "ფორტუნას" შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი მოდებული იყო შენობის სახურავის 400-500 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოქალაქეების გამოყვანა დროულად მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ადგილზე 14 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

მერიის თასის გათამაშება

    11.03.2014 თბილისის მერიის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში დასასრულს უახლოვდება. ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ საგანგებო სიტუაციების სააგენტოს და ქალაქის განათების სამსახურის გუნდები. გამარჯვების შედეგად მეხანძრე-მაშველები გავიდნენ ტურნირის ფინალში, რომელიც 15 მარტს გაიმართება.

    15.03.2014 თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს გუნდმა მინიფეხბურთში მერიის თასი კიდევ ერთხელ მოიპოვა. ფინალში ერთმანეთს "საგანგებო" და "სატრანსპორტო" დაუპირისპირდა. მატჩი  მეხანძრე-მაშველების გამარჯვებით 3-0 დასრულდა. ტურნირში 20-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა. მესამე ადგილი ქალაქის დასუფთავების სამსახურმა დაიკავა. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს.  ვულოცავთ არაერთიგზის წარმატებას ჩვენ კოლეგებს! 

დაპირისპირება საგანგებო სააგენტოში

     17.02.2014 საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძის განცხადებით, მათმა სამსახურმა პროფკავშირების ბრალდებების საპასუხოდ, შესაძლოა, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. იგი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და შესაძლოა, გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელობას სამსახურის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო, სასამართლოში უჩივლოს. მან პრესკონფერენციაზე წარმოადგინა დისკი, სადაც ჩაწერილი იყო თუ როგორ მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ერთ-ერთ მოქალაქეს საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღვანელობისადმი ამჟამად დაპირისპირებული ავთანდილ მეგრელიშვილი. თემურ გიორგაძის განცხადებით, ავთანდილ მეგრელიშვილი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს მოქალაქეს და უარს აცხადებს გამოძახებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებაზე.

ხანძარი მეტროში

   13.02.2014 დილით  თბილისის მეტროპოლიტენის „მარჯანიშვილის“ სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, რისი საფუძველიც  მეტროში გაჩენილი ხანძარი აღმოჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო მანქანები. ჯერ-ჯერობით კონკრეტული მიზეზი არ სახელდება. ხანძარი ლოკალიზებულია, დაშავებულები არ არიან.